აქტუალური
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი ვარშავის მიმართულებით შესრულდა

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ვარშავის რეისის მგზავრებს შორის აღმოჩნდა ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, რომელმაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ნდობის ნიშანია, ასევე, იმ სამუშაოს აღიარება, რაც საქართველომ გასწია. ამ პროცესს შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს და ძალიან მიხარია, რომ ვხედავ საბოლოო შედეგს. საქართველო რეფორმების განხორციელებით ამ ყველაფრისთვის ძალიან აქტიურად მუშაობდა. ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას ადგას და უახლოვდება ევროპულ ინსტიტუტებს, რისი დემონსტრირებაც უკვე ხელშესახებად მოხდა. იმედი გვაქვს, მეტ ქართველს ვნახავთ ევროპაში, ხოლო მეტ ევროპელს - საქართველოში“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გაფორმებული დახვდა. მგზავრებს მესაზღვრე კონტროლიორებმა უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიეს.

უვიზო მიმოსვლის უფლების გამოყენება შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც. წესების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმაც - მოქალაქეს დეპორტაციასთან ერთად, 3 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.