საზოგადოება
"დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები!" - ილია II

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა (NB8) პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს ინარა მურნიეცეს მიმართა და საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება, საქართველოს საპატრიარქოში მიგიღოთ 5 ქვეყნის სპიკერები და ჩვენ მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენს მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის”, - განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.