საზოგადოება
საქინფორმის პროგნოზი მართლდება: ე. წ. სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის „არაპირდაპირ“ არჩევნებს ეწინააღმდეგება და მისი უფლებამოსილებების გაზრდის მომხრეა

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ათობით პუბლიკაციაში ვწერ, რომ მთელი ეს წლები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაგნიტივით იზიდავდა მთავრობითა და „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილოებს, რათა საკუთარი ფიგურის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის, ძირითადად - უსუფაშვილის და ბოკერიას ორი „ახალი“ პარტიის დახმარებით მეორედ გამხდარიყო პრეზიდენტი, თანაც - ისეთი ფართო უფლებამოსილებებით, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა. 2017 წლის 24 თებერვალს ტელეარხ „ობიექტივის“ გადაცემაში „სამოქალაქო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ განვმარტე: „უმაღლესი რანგის ლეგიტიმური ოფიციალური პირი მარგველაშვილი - ყველაზე უფრო მოსახერხებლი „ხერხემალია“, რომელზეც დასავლეთი „ჩამოკიდებს“ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, მოსყიდულ მედის, საექსპერტო წრეებსა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს,  რათა 2018 წელს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ლობირებით, „კარალევა მარგო“ მეორე ვადაზე გაუშვას“.

და აი გუშინ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლისა და მისი უფლებების შეკვეცის კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული „სამოქალაქო სექტორი“.

ყველაზე პრინციპული უკვე მას შემდეგ, რაც განისაზღვრება პრეზიდენტის არჩევის წესი, არის მისი კომპეტენციები ერთობლივი თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ორგანოების თანამდებობის პირების თანამდებობაზე გამწესების პროცედურებთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტს უნდა შეუნარჩუნდეს ეს უფლებამოსილებები და ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში გაეზარდოს კიდეც. მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიც არის მთავარი პროკურორის წარდგენა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ჩვენნაირ ქვეყანაში ვფიქრობ, ჯობს, პირდაპირი წესით ირჩეოდეს პრეზიდენტი. გარკვეული უფლებამოსილებები შეიძლება დაემატოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. მაგალითად, ვიფიქროთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაზე“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

უმრავლესობის ინიციატივით, პრეზიდენტს, შესაძლოა, შეწყალების კანონზე ვეტოს დადებისა და ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებაზე პრემიერის თანხმობა დასჭირდეს.

ახალი შეთავაზებით, პრეზიდენტს კონტრასიგნაციის გარეშე მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის პრემიერობის კანდიდატის წარდგენის, პარლამენტის დათხოვნის და საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლების დანიშვნის უფლებამოსილება რჩება. პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ჩამონათვალშია უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხიც.