პოლიტიკა
ვინც ეს ვანდალიზმი მოაწყო ბათუმში, მათ ამ ზიანის ანაზღაურება უნდა მოვთხოვოთ - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გამართულ თათბირზე განაცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა კომპლექსური მოქმედება სტაბილურობის მისაღწევად და, ასევე, უნდა გაგრძელდეს გამოძიება.

„ეს არის პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით - მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.