სამართალი
თუ ანდრიაძე ტელევიზიის დირექტორად დანიშნეს, ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის - მეუფე პეტრე

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების შემდეგ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

მე რამდენიმე წლის წინ მქონდა თავად სურვილი, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო და უწმინდესს გავეთავისუფლებინე ტელევიზიიდან და მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, დღეს ჩათვალა საჭიროდ“, – განაცხადა მან.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მის შემცვლელად გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. "ვერ დაგიდასტურებთ, მაგრა ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, თუ ასე მოხდა, ეკლესიისთვის“, - განაცხადა მამა პეტრე ცაავამ.

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მას პროკურატურა ორშაბათს დაჰკითხავს.

მოსახერხებელი დრო შეირჩა ორშაბათი, პრაქტიკულად, მთელი დღე სამუშაო საათები გვექნება იმისათვის, რომ იმ 8 საათის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძემ უპასუხოს ამომწურავად კითხვებს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ჟურნალისტებმა ადვოკატს შეკითხვები საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის იმ ნაწილზეც დაუსვეს, სადაც პროკურატურის მთავარი მოწმე აცხადებს, რომ ციანიდის განეიტრალება "ტკბილს" შეუძლია, მამა გიორგი მამალაძე კი პასუხობს, რომ ის ადამიანი საერთოდ არ ჭამს ტკბილეულს.  ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უპასუხა თუ არა ბრალდებულმა გამოძიების შეკითხვას - ვის გულისხმობს ამ ადამიანში. ადვოკატები პირდაპირ არ პასუხობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მამა გიორგი მამალაძემ გამოძიების ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.