აქტუალური
“აგრესორი რუსეთი უკრაინამდე საქართველოში შეიჭრა!“ - საქართველოს ელჩი ამერიკაში - რუსულ პროპაგანდაზე

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. 7 მარტს აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტის ფარგლებში გაიმართა მოსმენა თემაზე: რუსეთის პოლიტიკა და მიზნები ცალკეული ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლის ფარგლებშიც მოხსენება გააკეთა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს ელჩმა სენატორებს შეახსენა საქართველოში რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციის ისტორია: მე დღეს თქვენთან ვარ, რათა შეგახსენოთ რომ უკრაინაში კონფლიქტამდე, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. მიუხედავად მიმდინარე რუსული აგრესიისა, შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველომ შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა და, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის უფრო მეტად გაკვალვა.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უწყვეტ ძალისხმევას, რომელიც აქტიური სამხედრო მოქმედებების გარდა, გამოიხატება არაკონვენციური ჰიბრიდული სტრატეგიით, რაც გულისხმობს, მათ შორის, რუსული საინფორმაციო პროპაგანდის მეშვეობით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების შესუსტების მცდელობებს.

ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესისა და ოკუპაციის ხაზთან მათი ხშირი ვიზიტების გამო.