პოლიტიკა
„ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა სიტყვის თავისუფლების პრობლემა?! - კალაძე

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ვიცე პრემიერი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე კახა კალაძე განმარტავს, რომ სამაუწყებლო კომპანიას გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არასდროს ჰქონია.

"როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელ ტერორზე მეტად, ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შემაშფოთებელი ვინმესთვის? ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები, ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო, კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? ვისგან, რისგან? ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?“, - აცხადებს კალაძე.

“ქართული ოცნების” მთავარ მონაპოვრად ენერგეტიკის მინისტრი სწორედ თავისუფალ მედიასა და დამოუკიდებელ სასამართლოს ასახელებს.

კახა კალაძის თქმით, “რუსთავი 2”-ს შეზღუდვა არ ჰქონდა და არც ექნება მომავალში, ხოლო სასამართლო პროცესი ორ კერძო პირს შორის მიმდინარეობს.