სამართალი
კათოლიკური ეკლესია საქართველოში და საქართველოს მუსლიმთა კავშირი სააკაშვილის ყოფილ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მხარს უჭერენ – საქინფორმი

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. კათოლიკური ეკლესია საქართველოში უკვე ღიად ერევა კერძო დავაში რუსთავი 2”-ის კუთვნილებასთან დაკავშირებით და თავს უფლებას აძლევს რევიზიას დაუქვემდებაროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ხელს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აწერს.

ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს საზოგადოებაში არის თუ არა საკმარისად გათვალისწინებული საერთო სიკეთე, პლურალიზმი და ინფორმაციის თავისუფლება, ყოველი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების დაცვის საუნჯე?

ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რათა ეს საუნჯე ძვირად ფასობდეს ყველას თვალში და ყოველი ჩვენგანი ესარჩლებოდეს მას", - ნათქვამია, კერძოდ, საქართველოს კათოლიკეთა წინამძღვრის განცხადებაში, რომელსაც 9 წლის განმავლობაში პროტესტის ნიშნად კრინტიც არ დაუძრავს, როცა სააკაშვილის სისხლიანი დიქტატორული რეჟიმი კლავდა, საზარლად აწამებდა და ციხეში ალპობდა ათობით ათას უდანაშაულო ადამიანს! თუმცა, ეს გასაკვირიც არ არის, პაზოტოს მეგობარი და მრევლი ხომ შსს–ს მაშინდელი მინისტრის, კათოლიკე ვანო მერაბიშვილი იყო...

ჯუზეპე პაზოტოზე შორს წავიდა (მხოლოდ საქართველოს კათოლიკებისადმი პატივისცემა აბრკოლებს საქინფორმს უწოდოს მას სიტყვები, რომლებსაც იმსახურებს სასულიერო პირი, დამნაშავეთა პროპაგანდაში რომ ჩაერთო) ე.წ. საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე – პროვოკატორი, რომელიც მუდამ ირწმუნება, რომ საქართველოში მუსლიმებს მეორე ხარისხის ადამიანებად მიიჩნევენ. „საქართველოს მუსლიმები თქვენ გვერდით ვართ! „რუსთავი 2“ –ჩვენია!“ – აღნიშნულია საქართველოს მუსლიმთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავი 2”-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამახსენა ნიგვზიანი, სამთაწყარო, წინწყარო... თვალწინ დამიდგა, სპეცრაზმის თანხლებით როგორ ხერხავდნენ ჭელის მინარეთს. სწორად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის დამსახურებაა ის, რომ აიძულა ხელისუფალი და მუსლიმებმა შევძელით, შევასრულოთ პარასკევის ლოცვა და აღვმართეთ ხელმეორედ მინარეთი.

დღეს გაჩუმება ნიშნავს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების და სიტყვის თავისუფლებაზე უარის თქმას. “რუსთავი 2” დღეს სწორედ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოა და ყველა ჩვენთაგანი ვალდებული ვართ, ეს მნიშვნელოვანი ღირებულება დავიცვათ", - ნათქვამია განცხადებაში.

საინტერესოა, დღემდე რატომ არ დაისაჯა კანონიერად ყველა, ვინც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სისხლიანი ჩაშლის მცდელობა მოაწყო ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც კომპაქტურად არის დასახლებული მუსლიმებით? ამბოხებისკენ ხომ არ მოუწოდებდნენ ერთმორწმუნეებს ე. წ. საქართველოს მუსლიმთა კავშირი და მისი ლიდერი ტარიელ ნაკაიძე?!

12 მარტს, 14:00  საათზე რუსთაველის გამზირზე ძველი პარლამენტის შენობასთან “რუსთავი 2” აქცია-კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 3 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.