აქტუალური
„ნატო საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ – გენერალი პეტრ პაველი

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს“, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველო ღირებული პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენ შორის პარტნიორობა საერთაშორისო მისიებში კიდევ უფრო განმტკიცდა. ოპერაციებში ერთობლივმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს, როგორც პარტნიორის საიმედოობა, – აღნიშნა გენერალმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოჰყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის 15 პროექტზეც ალიანსის 26 წევრი და პარტნიორი ქვეყნის 42 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობს. აღნიშნული პაკეტის მთავარ კომპონენტს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. ის, ასევე, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს, გახდეს უფრო ეფექტიანი და აახლოვებს საქართველოს ნატოს წევრობასთან“, - განაცხადა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელმა.