საზოგადოება
პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე კონსენსუსის მიღწევა გუნდის შიგნით, შესაძლოა, სირთულეებთან იყოს დაკავშირებული - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში, თუმცა არ გაგვივლია ეს საკითხი 116 დეპუტატთან და აქ არის სხვადასხვაგვარი განწყობები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. ვიდრე არ გავივლით ამ კონსულტაციებს, გაგვიჭირდება საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან, მათ შორის, ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება. წინა მოწვევის პარლამენტის გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან გართულდა სისტემური ცვლილების ამოქმედება. ამით არ მინდა თქმა, რომ ზედმეტად რთულად მესახება ეს კონსენსუსი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულ სირთულეებთან და, შეიძლება, მნიშვნელოვან სირთულეებთან იყოს დაკავშირებული საერთო კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით“, - განაცხადა კობახიძემ.