აქტუალური
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს  უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რასაც სათანადოდ აფასებს ევროკავშირი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

პრემიერ–მინისტრმა და ევროკომისარმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო წარმატებულ რეფორმებს გააგრძელებს.