რელიგია
სიახლეები საპატრიარქოდან: ოხანაშვილი ბუჩუკურმა შეცვალა, ბოტკოველის ფუნქციებს შარაშენიძე ასრულებს, დაკარგულია პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი, თუმცა ნაპოვნია იარაღი

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის სამსახურს ამიერიდან ზურაბ ბუჩუკური ხელმძღვანელობს. მან ეს თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც მოქმედმა ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა პოსტი დატოვა. 

ოხანაშვილთან ერთად ასევე შეცვალეს პატრიარქის პირადი დაცვის 17 წევრი.

ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია, მუშაობს. როგორც კონფიდენციალური წყარო საქართველოს საპატრიარქოდან რუსთავი 2-ს უყვება, სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი თავისივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა. 

მეორე სიახლე ისაა, რომ პატრიარქის პრესმდივნის მამა მიქაელ ბოტკოველი პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს სახელით ოფიციალურ განცხადებებს  საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე აკეთებს.

აგრეთვე, ტელეკომპანიების „რუსთავი 2“–ისა და „იმედი“–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი. ასევე, საპატრიარქოში განხორციელდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ტიპის მრავალი ცეცხლსასროლი იარაღი.

იარაღის საქმე შესაძლოა მიბმული იქნეს უკვე დაწყებულ ციანიდის საქმესთან, ან მასზე ცალკე გამოძიება ჩატარდეს.