საზოგადოება
"ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე" - მამა მიქაელი გიორგი ანდრიაძეს პასუხობს

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. მამა მიქაელ ბოტკოველი გადადგომის შესახებ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი ანდრიაძემ განმარტა, რომ პატრიარქის მდივანმა ემოციური განცხადება გააკეთა.

მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე, საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ვარ. მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებრა თქმა უნდა, თქვას ანდრიაძემ თავისი აზრი, შეიძლება სხვამაც გამოთქვას თავისი პოზიცია. მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს“, - განაცხადა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქისთვის ჯერ არ შეუტყობინებია, შესაბამისად, არც უწმინდესის პოზიციაა მისთვის ცნობილი.

მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება 23 თებერვალს მიიღო. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მასსა და საპატრიარქოს დაცვის უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.

ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ეს არის აბსოლუტური სიბეცე, ვინ თქვა, წარმოდგენა არ მაქვს. თუ ამას ოხანაშვილი ლაპარაკობს, ის ნაძირალაა და ყველაფრისთვის მზადაა, რომ თქვას!“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის პირადი დაცვის ექს–ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა გუშინ, გვიან ღამით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ტელეეთერში ასევე უარყო ხმები მისი მხრიდან მამა ბოტკოველის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. „მე დღემდე პატივს ვცემ მას,  ყველაფერი მომხდარის მიუხედავად“, – უპასუხა ოხანაშვილმა ტელეწამყვანს კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ პატრიარქის პრესმდივანს სილა გააწნა.