პოლიტიკა
რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას - მიხელ ჯანელიძე

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტის - უკრაინის ინიციატივით გაიმართა.

"საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დეესკალაციას. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმატი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტები, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა. კონსტრუქციულად ვმუშაობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, მყარად მივყვებით ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს იმ ხალხთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, არის ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება. პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.