პოლიტიკა
„ჩვენ იმდენი დავუთმეთ რუსეთს 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა!“ - სპეცწარმომადგენელი აბაშიძე

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე ილაპარაკა. აბაშიძე ოპონენტთა კრიტიკას პასუხის დაგვიანებასთან დაკავშირებით არ იზიარებს.

დაგვიანდა რამე? რა გაფუჭდა იმით, რომ ერთი დღის შემდეგ გაკეთდა? რაც შეეხება 2008 წლის თემას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს პოზიციებში არის რადიკალური სხვაობა. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო თავისი პოლიტიკით არაფერი იმისათვის, რომ მომხდარიყო ის კატასტროფა, ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა აბაშიძემ.

სინამდვილეში რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პირობას წარმოადგენს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის აღდგენა“. რუსმა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას „რთული საკითხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ცოტა უცნაურია“ მასზე მსჯელობა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. „თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან, როცა არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასიაც იქცევა მარშრუტად, რომლის გამოყენებასაც ბოევიკები და ექსტრემისტები ცდილობენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ორ ქვეყანას შორის იზრდება საქონელმიმოქცევა, ავიარეისების რაოდენობა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს „პრაქტიკულად ნებისმიერი მიზეზით“ შეუძლიათ რუსეთს ეწვიონ. თუმცა, ინგლისური ენის ცუდად მცოდნე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ქართულსაც საშუალოდ ფლობენ, რუსული კი სრულებით დაივიწყეს, ლავროვის სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინეს მხოლოდ მათთვის სასურველი მორიგი ანტირუსული პროვოკაციების თვალსაზრისით...