სამართალი
როგორ გავაგრძელებ ამ საქმეში მონაწილეობას, არ ვიცი... მივიღე უდიდესი დარტყმა - ირაკლი მამალაძე

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე “კურიერთან” საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მისი მოწმეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, შესაძლოა, გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს.

  „მე ამ წუთებშიც მიცავს სახელმწიფო სამსახური. მე არ მინდოდა დაცვის ღონისძიების გამოყენება, მაგრამ იძულებული გავხდი. თუმცა, უკვე როგორ გავაგრძელებ ამ საქმეში მონაწილეობას, ესეც არ ვიცი, რადგან მივიღე უდიდესი  სტრესი, უდიდესი დარტყმა მაშინ, როდესაც მამხილეს და პირდაპირ ეთერში თქვეს, რომ თითქოს მე გავაკეთე ჩანაწერები და თურმე ჩანაწერი გავაკეთე, სადაც დანაშაული იგეგმება. ასეც რომ ყოფილიყო, მაინტერესებს და ვეკითხები აბსოლუტურად სულ ყველას - ეს სირცხვილია? ეს დანაშაულია? ეს უკანონობაა? მე ეს გავაკეთე ჩემი, ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახისთვის... არ მაინტერესებს არც პატრიოტიზმი, არც ეკლესია, არც არაფერი. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ვარ ჩვეულებრივი კანონმორჩილი ადამიანი და ვერ ჩავერთვებოდი ამ სიბინძურეში“, -განაცხადა ირაკლი მამალაძემ.