სამართალი
გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნეს დაკითხული - შსს-ს განცხადება

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის  პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.

  “2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ იქნა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი - ნიკა გვარამია ჰპირდება მოქმედ მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს”.

  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდა ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია.

  „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული”, – ნათქვამია, კერძოდ, შსს–ს განცხადებაში.