აქტუალური
პოლიტიკოსები პროკურატურისგან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვენ

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დამატებით განმარტებებს ელოდებიან პროკურატურისგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსია არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

  „ამ ვერსიის არადამაჯერებლობა მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა არ გვეუბნება სიმართლეს, პროკურატურა სიმართლეს შეგნებულად გვიმალავს და ამის მცდელობა აშკარად სახეზეა“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

  „პროკურატურას უნდა ჰქონდეს უფრო მკაფიო არგუმენტები იმისათვის რომ რაღაც ვერსიაზე დავდგეთ და საზოგადოებას უფრო კარგად ესმოდეს, ამ მძიმე ბრალდებების უკან რა დგას. დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში არ არის საუბარი სასულიერო პირზე“, - აცხადებს “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს”  წევრი გიგი წერეთელი.

  უმრავლესობა კი სახალხო დამცველს აკრიტიკებს იმ ახალი გარემოებებისა და საქმის მასალების გასაჯაროების გამო, რომელთა შესახებ უჩა ნანუაშვილმა დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა.

  „თუკი ჩვენ გვწამს იმისი, რომ ამოღებული იყო კანონიერად და დადასტურებულია, რომ მას გერმანიაში მიჰქონდა საწამლავი, მაშინ რაღაცა ბრალდებებზე და ცილისწამებაზე ლაპარაკი ზედმეტია. შეშფოთებული ვარ იმითი, რომ ვიღაცამ სერიოზულად გაილაშქრა სახელმწიფოს წინაშე და სრული მორალური უფლება მაქვს, ეს ჩემი შეშფოთება გამოვხატო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.