სამართალი
მხოლოდ ერთი ადამიანის გახურებულ თავში ეს სიბინძურე არ მოიხარშებოდა - ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ ის მტკიცებულებების მოპოვებაში სახელმწიფო ბრალდებას ეხმარებოდა.

  „საქმე გვქონდა უმძიმეს დანაშაულთან, რომლის აღკვეთა, საბედნიეროდ, მოხერხდა. ორი არჩევანი მქონდა პირადად მე - ან უნდა ვყოფილიყავი დანაშაულში, ან უნდა მემხილებინა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ უმძიმეს დანაშაულს“, - აცხადებს მამალაძე.

  მისივე თქმით, სავარაუდოდ, ლიკვიდირების გეგმაში მამა გიორგი მამალაძე ერთადერთი ფიგურანტი არ იყო. 

  „მხოლოდ ერთი ადამიანის გახურებულ თავში ეს სიბინძურე არ მოიხარშებოდა და ამის უკან სავარაუდოდ დგანან ადამიანები, არის უამრავი მტკიცებულება, არის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები... თუ ასე ძალიან აინტერესებს საზოგადოების რომელიღაც ნაწილს, თუ რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, უნდა შექმნან რაღაცა ჯგუფი, მოითხოვონ პროკურატურაში შესვლა და ნახონ ეს ჩანაწერები, თუ ეს არ გასაჯაროვდება.

  ი ადამიანებ, რომლებიც მე დღეს ასე საჯაროდ მლანძღავენ, აუცილებლად შერცხვებათ მას შემდეგ რაც გამოძიება დადებს ფაქტს. მაშინ, როცა მათ ეძინათ, ქართველმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს უმძიმესი დანაშაული და გადაარჩინეს ქვეყანა იმ უბედურებას, რაც იგეგმებოდა.

  არ ვიცი მე, სავარაუდოდ ვისი მოკვლა იგეგმებოდა. გამოვიდეს, დუმილის უფლებას ვინც იყენებს და თქვას: სად მიდიოდა, რა მიჰქონდა, რატომ მიჰქონდა და ვინ იდგა მის უკან“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.