სამართალი
30 წუთის ხანგრძლივობის აუდიოფაილი არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია - შსს გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერზე

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს.

  “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც ის ადვოკატთან ერთად მივიდა. მისი დაბარება ფარული ჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

  „შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, აღნიშნული 30 წუთის ხანგრძლივობის აუდიოფაილი არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული ჩანაწერი უწყვეტია და ხმები ეკუთვნით ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანს. მოქალაქე ნიკოლოზ გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული, სადაც ის მოწმის სტატუსით გამოიკითხება“, - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ.