საზოგადოება
მამა გიორგი მამალაძე ადასტურებს, რომ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ პატრიარქს ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია

  საქართველო, 15 თებერალი, საქინფორმი. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ ორი დღის წინ “რუსთავი 2”-ის ეთერში გახმაურებულ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ ის წერილებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს 2015 წლიდან უგზავნიდა.

  ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ შეხვდა პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და წერილის შესახებ ჰკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, წერილის სრულ შინაარსს, რომელიც “რუსთავი 2”-მა გაახმაურა, მამალაძე ვერ გაეცნო, თუმცა დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე მოახდინა.

  მეტიც, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ უფრო მწვავე შინაარსის წერილები აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი, სადაც ლაპარაკია საპატრიარქოს ქონების დატაცებაზე.