პოლიტიკა
ქართულ-ამერიკული ურთიერთობა დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს - გენერალი ბენ ჰოჯესი

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ. დელეგაციას აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა და საწვრთნელი ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანტონიო აგუტომ უმასპინძლეს.

  „გენერალ ბენ ჰოჯესთან ერთად განვიხილეთ ამბიციური გეგმები, რომლებიც ამ წლის ფარგლებში უნდა განვახორციელოთ. ეს ეხება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ითვალისწინებს ჰოჰენფელსის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოში. ახლო მომავალში საქართველოში ველოდებით ბრიგადის გენერალს, რათა პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით შემდგომი დეტალები გავიაროთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

  „საქართველო არის ერთგვარი პორტალი ევროპისკენ დანარჩენი ქვეყნებისთვის. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, წინ გაუძღვეს სხვა ქვეყნებს და უზრუნველყოს სტაბილურობა კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ქართველებთან აქტიურ თანამშრომლობას. გრაფენბერგისა და ჰოჰენფელსის ბაზების მეთაური უახლოეს მომავალში საქართველოში მიემგზავრება, რათა ადგილზე გაეცნოს საქართველოს წვრთნების ცენტრის მშენებლობის პროცესს“, - აღნიშნა აშშ-ის არმიის ევროპული ძალების სარდალმა.