აქტუალური
წარუმატებელი თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე – ილია მეორეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს, რომლის ხელმძღვანელიც ბერლინში იმყოფება

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაცია პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა.

 შეკითხვაზე, "იყო თუ არა ის საქართველოში დაკითხვაზე დაბარების გამო ჩამოსული და რა შეკითხვები ჰქონდა პროკურატურას მასთან," ოხანაშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებს.

  „ახლა ვიმყოფები ბერლინში, ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, დანარჩენი სხვა არაფერი შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

  როგორც სდსს-ის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, „ყველა სპეცსამსახურით მუდმივად ვიყავით ჩართულები პატრიარქის დაცვაში, ამის მიუხედვად, ჩვენ მაინც ჩავთვალეთ, რომ ჩამოვსულიყავით და გვენახა მდგომარეობა პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“.

  ამასთანავე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სოსო ოხანაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით.

  "სოსომ ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, მიეხმარა გამოძიებას ყველანაირად ამ საქმესთან დაკავშირებით. სოსო განაგრძობს მუშაობას ჩვეულებრივად, სოსოთან არანაირი კითხვის ნიშანი არ არის", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

  გუშინ, ორშაბათს, საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს, პარასკევს, განთიადისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში გაფრენას აპირებდა, სადაც მკურნალობის კურსს გადის ილია მეორე, რომელიც იქ მიტროპოლიტების – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრების უმრავლესობასთან ერთად იმყოფება. ილია მეორეს გუშინ წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით და ის უკვე გადაყვანილია ინტენსიური ტერაპიის განყოფილებაში.

დეკანოზ მამალაძის ბარგში აღმოჩენილი იქნა შხამიანი ნივთიერება – კალიუმის ციანიდი, რომლითაც, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, იგი „სულიერი იერარქიის მაღალი პირის“, სავარაუდოდ, სრულიად საქართველოს პატრიარქის მოწამვლას აპირებდა, მთავარ მტკიცებულებას – მისი საუბრის ჩანაწერს პირთან, რომელმაც მას კალიუმის ციანიდი გადასცა და, თითქოსდა, ამის შესახებ პროკურატურაში განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს.

საქინფორმი დასძენს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო და, შესაბამისად, თავისუფალი წვდომა ჰქონდა სხვადასხვა, მათ შორის მომწამვლელ ნივთიერებასთან. გარდა ამისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მას თავისუფალი წვდომა ჰქონდა პატრიარქთან, ამიტომ კალიუმის ციანიდის შეძენასთან დაკავრებული ისტორია კითხვებს ბადებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარმოშობით აჭარიდანაა, მის საკუთარ სახლში, ქობულეთში, ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც აღმოჩენილი იქნა თვითნაკეთი პისტოლეტი და 6 ვაზნა, ასევე რაღაც დოკუმენტები, რომლებიც უკრაინასთან მის კავშირს მოწმობს, სადაც მან სასულიერო განათლება მიიღო. აქვთ თუ არა მათ კავშირი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან, ან მის ყოფილ თანაკურსელებთან სემინარიაში, ზუსტდება. თბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მაღალ თანამდებობებზე დეკანოზი გიორგი მამალაძე მხოლოდ ერთი წლის წინ გადმოიყვანეს – მანამდე ის ბათუმში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მსახურობდა და ამავდროულად, ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი იყო, სადაც ერთ საგანში ლექციებს კითხულობდა.