საზოგადოება
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ თანამედროვე და საინტერესო საზოგადოებრივ მაუწყებელს მივიღებთ – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებული პოლემიკა მოიტანს იმას, რომ საზოგადოება მიიღებს ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს საქართველოს თითოეული მოქალაქე.

  „ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოში არსებობდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო. ასევე გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას, იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომის ჭიდილი. გვაქვს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის საფასურს“, - განაცხადა პრემიერმა.