პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ვიზების გაუქმება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე, პასუხისმგებლობით იმუშაოს მოცემული მიმართულებით"

   საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. 7 თებერვალს პრაღაში შედგა სახელმწიფო მდივნის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გ.კარასინის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზ. აბაშიძესთან. კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.

  მხარეებმა 2016 წელს რუსეთ-საქართველოს კავშირის ნორმალიზაციის პროცესი შეაჯამეს. ის კვლავაც იმ სფეროებს ეხება, სადაც შესაძლებელია პროგრესი დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები.

  კმაყოფილებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მიღწეული შედეგები. ურთიერთსაქონელბრუნვა 17%-ით გაიზარდა და წინასწარი შეფასებით, 800 მილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა. რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შევიდა და მისი პროდუქციის გასაღების უმნიშვნელოვანეს ბაზარს წარმოადგენს. კერძოდ, გასულ წელს რუსეთზე მოდიოდა საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ნახევარზე მეტი. დეკემბერში, პირველად მრავალი წლის მანძილზე, რუსეთის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა თბილისში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების შეხვედრა ჩაატარეს.

  რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის მდგრადმა ზრდამ გასულ წელს განაპირობა საავტომობილო სატვირთო მიმოსვლის ორჯერ გაზრდა. გარდა ამისა, მოქმედებს ოცზე მეტი საერთაშორისო საავტობუსო მარშრუტი. სრულდება რეგულარული ავიარეისები მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგს, ეკატერინბურგს, დონის როსტოვს, სამარასა და თბილისს, ბათუმს, ქუთაისს შორის.

  შეხვედრაზე შეეხენ საქონლით ვაჭრობაზე საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებას. მხარეებმა არ უნდა დააყოვნონ რეგიონული ვაჭრობისათვის ამ მეტად საჭირო დოკუმენტის პრაქტიკული რეალიზაციის დაწყება. რუსული მხარე ამისათვის მზად არის.

  მხარეებმა კმაყოფილებით დააფიქსირეს ჰუმანიტარული გაცვლის და ადამიანებს შორის კონტაქტების მზარდი ინტენსივობა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის წყალობით, რაც რუსეთის მხარემ 2015 წლის დამლევს განახორციელა, თბილისში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გაცემული ვიზების როდენობა გაორმაგდა და 40 ათასს მიაღწია. გ. კარასინმა დაადასტურა სავიზო რეჟიმის შემდგომი შემსუბუქების განწყობა და არ გამორიცხა პერსპექტივაში მისი საერთოდ გაუქმება. ეს, მათ შორის, დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე, პასუხისმგებლობით იმუშაოს ამ მიმართულებით.

  მხარეებმა ორმხრივი ერთიერთობის ეტაპობრივად გაჯანსაღების ურთიერთხელსაყრელი კურსის გაგრძელების განზრახვა დაადასტურეს.

  გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე შემდეგი შეხვედრის ა.წ. მაისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.