უცხოეთი
ტრამპმა დაადასტურა, რომ პატივს სცემს პუტინს, თუმცა არ იცის, საერთო ენას გამონახავენ თუ არა...

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. „ვფიქრობ, რუსეთთან უმჯობესია მეგობრობა, ვიდრე პირიქით. თუ რუსეთი გვეხმარება „ISIS-"ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს კარგია“,- ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპმა Fox News- თან ინტერვიუში, რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა და ვლადიმერ პუტინი დადებით კონტექსტში კიდევ ერთხელ მოიხსენია.

  „მე ვიტყოდი, რომ უკეთესია რუსეთთან ერთად, ვიდრე არა. ხოლო თუ რუსეთი გვეხმარება ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ძირითადი ბრძოლაა, - ეს კარგია," განაცხადა ტრამპმა.

  ტრამპი ამბობს, რომ ის პუტინს პატივს სცემს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს.

  „მას პატივს ვცემ. უამრავ ადამიანს ვცემ პატივს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

  ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის უმჯობესი იქნება რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

  ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანმა ვლადიმერ პუტინი მკვლელად მოიხსენია, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა: „მკვლელი ბევრია. ჩვენშიც ბევრი მკვლელია, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უდანაშაულოა?“.