უცხოეთი
ლავროვმა განაცხადა, რომ ტრამპის პოზიცია მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში პოზიტიური ძვრების იმედს იძლევა

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. მოსკოვი ვაშინგტონთან ურთიერთობების აღსადგენად მზად არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ავსტრიული ჟურნალ Profil-თან ინტერვიუში განაცხადა.

  მისი თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას გარკვეულწილად იმედით შთააგონებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები აღდგება.

  "მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღსადგენად შესაბამისი ნაბიჯი გადავდგათ. ურთიერთობების დეგრადაცია იმიტომ არ მომხდარა, რომ ეს ჩვენი ბრალია. ეს ბოლო წლების განმავლობაში ვაშინგტონის წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართულ ქმედებებს უკავშირდება ", - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვი "პროგნოზირებადი პარტნიორობის განვითარებისთვის" ყოველთვის მზად არის.

  მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შეუმსუბუქებია.

  "სანქციები არ შემსუბუქებულა", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა კითხვის საპასუხოდ.

  31 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას და მის გამკაცრებას ემხრობა.

  "თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება, გვჯერა, რომ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, საჭიროების შემთხვევაში კი, სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს", - განაცხადა მან.