საზოგადოება
სკანდალი: მერაბიშვილმა, შს მინისტრობისას, შსს-ს ლეიტენანტ ეკა გიგაურს ვადაზე ადრე სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდება მიანიჭა!

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ეკა გიგაური გამოხატავს თავის მოსაზრებებს და თავის ინსტრუქციებს აძლევს მთავრობას ყოველდღიურად ნებისმიერ საკითხზე უფრო ხშირად, ვიდრე აშშ–ის ელჩი საქართველოში. და რაკიღა საქართველოს მთავრობა დიდი ხანია მიეჩვია, რომ მისი პირით „დემოკრატიის ეტალონი“ ღაღადებს, მისი „სურვილები“, როგორც წესი, სრულდება – ისევე, როგორც ამერიკის ელჩის „სურვილები“.

  გუშინ კი რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანება წარუდგინა, რომლის თანახმადაც ერთ–ერთ ყველაზე აგრესიულსა და საქართველოს ხელმძღვანელობაზე ზეგავლენის მომხდენ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელს მერაბიშვილმა სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭა. „ეს არის ივანე მერაბიშვილის 2007 წლის 13 ნოემბრის ბრძანება, სადაც ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საქვეუწყებო დაწესებულება უზრუნველყოფს პოლიციის ერთ-ერთ ლეიტენანტს ეკა სიმონის ასულ გიგაურს ვადაზე ადრე მიენიჭოს წოდება სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც 7 ნოემბერს დალეწილი ხალხი ჯერ კიდევ საავადმყოფოებში წევს და საქართველო იშუშებს ტრავმას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

  „აქვეა განკარგულება, რომელიც 2007 წლის 14 ნოემბერს არის გაცემული. განკარგულებაში ვკითხულობთ: სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისათვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები. ამ ადამიანების სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თითოეული მათგანი 1000-1000 ლარით დაჯილდოვდა. გიგაურს ამ დროს სამსახურებრივად ამ დაჯილდოების კონტროლი და განაწილება ევალება. ეს არის ის სპეცრაზმი, რომელმაც საზოგადოება 7 ნოემბერს დალეწა. ეს ადამიანი კი დღეს საქართველოში ადამიანის უფლებებს იცავს. ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი იყო, არის და იქნება“,- განაცხადა ხაინდრავამ.