უცხოეთი
„ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არანაირად არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“ – აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უვიზო რეჟიმით „ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებიც შეძლებენ სარგებლობას“, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

  „აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ თვლის ხაზი გაუსვას იმას, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე შეიძლება ვრცელდებოდეს და არანაირად არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს

  ჯანელიძის განცხადებას განვიხილავთ, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში „ჩართვის“ მორიგ უხეშ მცდელობას. აშკარაა, რომ ე.წ. „ნეიტრალური პასპორტების“ იდეის სრული მარცხის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს მცდელობა მარცხს განიცდის.

  ზემოხსენებულიდან გამომდინარე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა აფხაზეთის მოქალაქეები საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენოს, უპერსპექტივოა. თუ საქართველოს ხელისუფლება გულწრფელად წუხს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხით, მათ უარი უნდა თქვან ჩვენი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე, რომლებსაც თბილისის გამო უარს ეუბნებიან ევროკავშირში შესვლაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.