აქტუალური
დღეიდან „მანის“ ახალმა ავტობუსებმა N37 მარშრუტზე – „აეროპორტი – ვაგზლის მოედანი მოძრაობა დაიწყეს

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი.  სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის. აღნიშნულ მარშრუტზე აღდგება ღამის რეისებიც. 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული - 50 თეთრი იქნება. ასევე ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.

  N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.

  შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.

  როგორც ცნობილია, N51 და 61 მარშრუტებზე ჯამში 25 „მანის“ ავტობუსი დადის. ეკოლოგიური - CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული, ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.