აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა - ხიდაშელის სინეკურა ლიკვიდირებულია, საქინფორმი ქართულ არმიას დახმარებას სთავაზობს

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე საშტატო სტრუქტურების რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა, მათ შორის 1750 სამოქალაქო პირმა და 340 სამხედრომ. აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა.

  რეფორმის მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფა.

  ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა. შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც, რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა.

  აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

  საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ყველა ანულირებული თანამდებობა იყო, პრაქტიკულად, სინეკურა, რომელიც წინა მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავისი თანამოაზრეების, ახლობლების, მეგობრებისა და მათი ნათესავების დასასაქმებლად შექმნა. ამავე დროს, როგორც ხიდაშელი პოსტზე ყოფნის ბოლო თვეებში აღნიშნავდა, როცა „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადავიდა, „თავდაცვის სამინისტრო უსარგებლოა, თუ ბევრად არ გაიზრდება მისი ბიუჯეტი სუპერთანამედროვე შეიარაღების შესაძენად.

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვით, საქინფორმი მზადაა 10 დღის ვადაში წარმოადგინოს რეკომენდაციები კადრების შემდგომი ოპტიმიზაციისთვის, რაკიღა ასეთი რესურსი ჯერ კიდევ არსებობს – სამხედრო მოსამსახურეთა პირადი შემადგენლობის შემცირება დაახლოებით 30%–მდე შეიძლება საქმის სასარგებლოდ. რეკომენდაციებს შეიმუშავებს მაღალი დონის პროფესიონალთა გუნდი – სამხედრო სპეციალისტები, რომლებსაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ.