უცხოეთი
„საქართველო რუსეთთან დიპურთიერთობების აღდგენას თბილისში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეძლებს“ – ა. ხიდირბეგიშვილის კომენტარი openrussia.org-ს

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. „Открытая Россия“, ვიქტორია კუზმენკო: „საქართველოში შესაძლებლად მიიჩნევენ დიპურთიერთობების აღდგენას რუსეთთან. როგორც საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე იტყობინება, გარკვეული პირობებით მოსკოვსა და თბილისს შეუძლიათ ამ საკითხის განხილვას დაუბრუნდნენ. მისი რუსი კოლეგა – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიესალმა ქართული მხარის მზაობას, იმსჯელონ ურთიერთობების აღდგენაზე. „თუ ჩემმა პატივცემულმა კოლეგა ზურაბ აბაშიძემ ნამდვილად გააკეთა ასეთი განცხადება, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ცნობილია, რომ რუსეთს არ შეუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის სექტემბერში და ჩვენი მხრიდან მათ აღსადგენად დაბრკოლებები არ ყოფილა და არც არის. ასე რომ, პოზიტიურ ცვლილებათა ვადები ამ საკითხში მხოლოდ და მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა მან.

  „აბაშიძე ძალიან ფრთხილი დილომატია და ის არ ამბობს არაფერს საქართველოს ხელმძღვანელობის ოფიციალური სანქციის გარეშე“, – მიაჩნია საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ რედაქტორს, პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილს. თუმცა, მისი აზრით, მოსალოდნელი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე მსჯელობა გამორიცხულია, ამიტომ დასაწყისისთვის, ამ თემის დამუშავება მაინც უნდა დაიწყოს.

  „უახლოეს ხანებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ უნდა ველოდოთ, – განაცხადა არნო ხიდირბეგიშვილმა, – ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც ქვეყნების ხელმძღვანელობის დონეზე ხდება და, მოსკოვისგან განსხვავებით, თბილისში ამ ნაბიჯისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან. ბურთი ამჯერად საქართველოს მხარეზეა. თუმცა ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა – პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა განაცხადეს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოსალოდნელი არ არის. ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყდება. ოფიციალურ ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მოცემულ მონეტში რუსეთი საქართველოსთვის აგრესორი და ოკუპანტია. და სანამ მიღებული არ იქნება გადაწყვეტილება ქართული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის შესახებ, დიპურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკიც ზედმეტია“, – განმარტა არნო ხიდირბეგიშვილმა.

  მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი საქართველოსთვის პრინციპულია. ამავდროულად, ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ ამ თემაზე რუსეთის მხარის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. „ამიტომ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა საქართველოს ხელმძღვანელობის პოზიციის კარდინალური ცვლილება, საგარეო პოლიტიკური კურსის საფუძვლიანი გადახედვა, „უალტერნატივო ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“ უარის თქმა, რომელიც რუსეთისთვის მიუღებელ და გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ნატოს გაფართოებასა და რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას ნიშნავს“, – განმარტა პოლიტოლოგმა.

  მისი აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის საკითხში წარმოადგენს „გარდამავალს“ – ურთიერთობების დათბობა და დიპლომატიური კავშირების აღდგენა უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის. „ამისათვის ახალი ადამიანები და ახალი პოლიტიკოსებია საჭირო, რადგან ძველები ამას არ გააკეთებენ“, – დასძინა ხიდირბეგიშვილმა.