უცხოეთი
2017 წლის 28 იანვარს გაიმართა ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ.

  წინასწარ დაგეგმილი საუბარი დაემთხვა ვაშინგტონში გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას აპირებს. სანქციები ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას დაუწესდა რუსეთს უკრაინის შინაგან საქმეებში და აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევისთვის.

  კრემლის განცხადებით, საუბარი „პოზიტიური და კონსტრუქციული" იყო და საკითხები, რომელზეც პუტინმა და ტრამპმა ისაუბრეს შეეხებოდა: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას; ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთ-ისრაელის კონფლიქტს; სტრატეგიულ სტაბილურობას; ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას; ირანის ბირთვულ პროგრამას; ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას; მდგომარეობას უკრაინაში.     „ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ერთობლივ ძალისხმევებს მთავარი საფრთხის - საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მთავარ პრიორიტეტად იქნა დასახული", - აცხადებს რუსული მხარე და განაგრძობს: „პრეზიდენტებმა გულღიად ისაუბრეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ქმედებების რეალური კოორდინაციის დაფუძნებაზე, რომლის მიზანია 'ისლამური სახელმწიფოსა' და სხვა ტერორისტული ჯგუფების დამარცხება სირიაში".

  პუტინი და ტრამპი ასევე შეთანხმდნენ მოგვიანებით პირისპირ შეხვედრის გამართვასა და იმაზე, რომ გააჩნდეთ „რეგულარული პერსონალური კონტაქტი".