პოლიტიკა
არც გაზი გვექნება და არც რაიმე ანაზღაურება, ცარიელი მილი შეგვიძლია დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ - გია ვოლსკი “გაზპრომთან” შეთანხმების გასაჯაროებაზე

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. რატომ არ საჯაროვდება “გაზპრომთან” გაფორმებული შეთანხმება - ამ საკითხზე განმარტებას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

  „ის მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს საზოგადოებამ, მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში იქნა გაზიარებული ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან. თუ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა გაჩნდება კომერციული კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ალბათ, ესეც განხორციელდება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

  „მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების შედეგად შესაძლებელია გასაჯაროვდეს. ჩრდილს მივაყენებთ როგორც სატრანზიტო ქვეყანას, დავძაბავთ ურთიერთობას სომხეთთან, არც გაზი გვექნება და არც სატრანზიტო გადაზიდვისთვის რაიმე ანაზღაურება და ცარიელი მილი შეგვიძლია დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ“, - აცხადებს გია ვოლსკი.

  საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს “ნაციონალური მოძრაობა”.

  “ეს ხელშეკრულება არის წამგებიანი ეკონომიკურად და სრული პოლიტიკური სიბეცეა იმის თქმა, რომ რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების გაზრდა, მათ შორის ენერგოსექტორში, შეიძლება რაიმე თვალსაზრისით წაადგეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

  „ეს დოკუმენტი აზიანებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას და ამ შემთხვევაში გარკვეულწილად რუსეთი იყო დამოკიდებული ჩვენზე და არა ჩვენ რუსეთზე. ფაქტობრივად, ჩვენ დავუთმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი რუსეთს“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე სერგო რატიანი.