პუბლიკაციები
გარდაუვალ ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოს ელის, ქართველი პოლიტოლოგი წლების წინათ ვარაუდობდა (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო“)

  20 იანვარს გამართულ ინაუგურაციაზე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა. ტრამპს სურს, შექმნას კოალიცია სხვადასხვა ჯგუფის, კლასისა და თემისა, რომლებიც მდიდრების, გავლენიანი მაგნატებისა და ხელისუფლებაში მოკალათებული მაღალჩინოსნების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. როგორც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, მათ ბედის ანაბარა მიატოვეს სოციალურად სუსტი ფენა, შედეგად მოიმატა სიღარიბემ და დანაშაულმა, რომელიც ობამას ეპოქაში დამღად დაედო ამერიკის ბევრ რაიონსა და ქალაქს.

  ტრამპი არა მხოლოდ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც ჰპირდებოდა ამერიკელებს, რომ რადიკალურად შეცვლიდა წესრიგს ხელისუფლებაში, შეცვლიდა მის ჩვევებს, პრიორიტეტებს, აგრეთვე, ვაშინგტონისა და ნიუ იორკის ელიტების მოქმედების მოდელს. დონალდ ტრამპი დაუპირისპირდა იმ პრინციპებსა და აზროვნებას, რომელიც განსაზღვრავდა მისი წინამორბედი პოლიტიკური ლიდერების ქცევას.

  ცვლილებებია მოსალოდნელი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა და ახლა იქ მთავარი მოთამაშეები რუსეთი, ირანი და თურქეთი არიან, რომლებმაც აშშ მხოლოდ რამდენიმე დღის წინათ მიიწვიეს ასტანაში გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ნიშანდობლივია, რომ მოწვევა გაუგზავნეს არა ბარაკ ობამას, არამედ დონალდ ტრამპს.

 ტრამპის გაპრეზიდენტებამ, რასაც ყველა ხერხით უშლიდნენ ხელს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკისა და ეკონომიკის გავლენიანი ძალები, შოკი გამოიწვია იმ ადამიანებში, რომლებსაც სჯეროდათ, რომ გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია, რომ გარდაუვალია ქრისტიანული ღირებულებების დევალვაცია, რომ ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება და, რაც მთავარია, მსოფლიოს ჰეგემონი უნდა იყოს “განსაკუთრებული სახელმწიფო” _ ამერიკის შეერთებული შტატები.

  მაგრამ, თუ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს გულდასმით გავაანალიზებთ, აშკარად ჩანს, რომ ცვლილებები, რომლებიც ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უნდა დაიწყოს, გარდაუვალი იყო. ამ ცვლილებების გარდაუვალობაზე კი არაერთხელ ულაპარაკია ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს - ალექსანდრე ჭაჭიას. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ გავეცნობით ტრამპის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებსა და ინაუგურაციისას გამოთქმულ თეზისებს.

“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანთა მცირე ჯგუფი სარგებლობდა ხელისუფლების სიკეთეებით ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში და ამის საფასურს მოსახლეობა იხდიდა. ვაშინგტონი აყვავდა, მაგრამ ადამიანებმა ეს ვერ იგრძნეს თავიანთ ქონებაზე. პოლიტიკოსებიც გაიფურჩქნენ, მაგრამ ქარხნები დაიხურა და სამუშაო ადგილები გაქრა. ისტებლიშმენტი იცავდა საკუთარ თავს, მაგრამ არა - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მათი გამარჯვება არ იყო თქვენი გამარჯვება, მათი ტრიუმფი არ იყო თქვენი ტრიუმფი და, როცა ისინი ზეიმობდნენ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, სულაც არ ეზეიმებოდათ ოჯახებს ჩვენს ქვეყანაში...

დედები და შვილები სიღარიბეში ცხოვრობენ ჩვენს ქალაქებში; დაჟანგული ქარხნები საფლავის ქვებივითაა მიმოფანტული ჩვენი ქვეყნის მიწაზე; ფულით სავსე განათლების სისტემა, რომელიც შესანიშნავ სტუდენტებს ცოდნის გარეშე ტოვებს; კრიმინალმა, განგსტერებმა და ნარკოტიკმა ძალიან ბევრი სიცოცხლე წაგვართვა და ჩვენი ქვეყანა გაძარცვა არარეალიზებული პოტენციალისგან. ჩვენ გვექნება ორი მთავარი წესი - იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი”.

ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვის ამ ამონარიდიდან ჩანს, რომ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს სურს, ძირფესვიანად შეცვალოს საშინაო პოლიტიკა და ამერიკა, უწინარესად, ამერიკელი ხალხის ინტერესების გამტარებელ ქვეყნად გადააქციოს.

აი როგორ აფასებდა ალექსანდრე ჭაჭია აშშ-ის როლს მსოფლიოში თითქმის 16 წლის წინათ, 2001 წლის სექტემბერში “დილის გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში:

“ეს ის ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქცა ერთადერთ ზესახელმწიფოდ. მის ისტებლიშმენტში გაიმარჯვა კონცეფციამ, რომლის თანახმადაც, აშშ უნდა იყოს მსოფლიოს ხელმძღვანელი, მსოფლიოს მმართველი... აშშ ქმნის ვითარებას, რომლის მსხვერპლიც თვითონ ხდება. მოვა დრო, როცა ამერიკას იმპერიალისტური პოლიტიკა უკან შეუბრუნდება და ტრაგიკულ შედეგამდე მივა...

ამერიკამ უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა და შეეგუოს იმ ამბავს, რომ მსოფლიოში არსებობენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თავისუფალი ერები, რომლებსაც აქვთ ეროვნული თვითმყოფადობა, განვითარების საკუთარი გზა და ტრაექტორია”.

ქვემოთ მოყვანილი ტექსტები კი ამონარიდებია გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” 2013 წელს მიცემული ინტერვიუდან:

“თუ იმასაც დავუმატებთ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც ფულს ბეჭდავს და ამერიკას და მთელ მსოფლიოს დოლარებით ამარაგებს, კერძო საწარმოს წარმოადგენს, რომელიც 100 წლის წინათ იმავე როკფელერებმა და როტშილდებმა მორგანებთან, ლემანებთან, დიუპონებთან ერთად ჩამოაყალიბეს, მაშინ ნათელი გახდება, რომ შეერთებული შტატები, უბრალოდ, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კერძო კორპორაციაა, ხოლო აშშ-ის მთელი პოლიტიკური კლასი ამ კერძო კორპორაციის თანამშრომლები არიან. და აქ არანაირი სახალხო დემოკრატიის სიოც კი არ ქრის (“საქართველო და მსოფლიო” #31(218), 2013წ).

“მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, ევროპელი მარიონეტების მორჩილებაში საყოლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდება “ყველას ყველასთან” დაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია” (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” 34 (221), 2013წ).

*აშშ-ის ახალ პრეზიდენტს განზრახული აქვს ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, რომელსაც მისი წინამორბედი სანქციას სანქციაზე უწესებდა. ტრამპი, აგრეთვე, შეცვლის დამოკიდებულებას ევროკავშირსა და ნატოს მიმართ, რომლებსაც ბევრი ექსპერტი დაშლას უწინასწარმეტყველებს მემარჯვენე ნაციონალისტური განწყობების მატების გამო.

“დეკადების განმავლობაში ჩვენ ვამდიდრებდით უცხოურ ინდუსტრიებს ამერიკული ინდუსტრიების ხარჯზე; ვაფინანსებდით სხვა ქვეყნის არმიებს მაშინ, როცა ჩვენს არმიას ვაძლევდით გამოფიტვის საშუალებას; ჩვენ ვიცავდით სხვა ქვეყნის საზღვრებს, როცა არ ვიცავდით საკუთარს; ოკეანის გადაღმა ვხარჯავდით ტრილიონობით დოლარს მაშინ, როცა ჩვენი ინფრასტრუქტურა მოშლილი და დასუსტებულია. ჩვენ ვამდიდრებდით სხვა ქვეყნებს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, სიძლიერე და თავდაჯერებულობა ჰორიზონტიდან გაქრა”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აი ალექსანდრე ჭაჭიას თვალსაზრისი ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვაზე:

“შევარდნაძემ და სააკაშვილმა ჩვენს საზოგადოებას თავს მოახვიეს ცრუ მიზნები _ ნატო და ევროკავშირი. ხალხმა არაფერი იცოდა არც ერთის და არც მეორის შესახებ, მაგრამ პროპაგანდის ზეგავლენით ეს ცრუ მიზნები ყველა უბედურების პანაცეად, სამოთხისკენ მიმავალ გზად აღიქვა. ნებისმიერ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს ხელისუფლება სწორედ ამ ცრუ მიზნების _ ნატოსა და ევროკავშირისკენ ხელის გაშვერით ამართლებდა _ აქაოდა, ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად არისო საჭირო... ორივე რეჟიმი, შევარდნაძისა და სააკაშვილის, იყო მარიონეტული. მათ სჭირდებოდათ, როგორმე აეხსნათ ხალხისთვის, რატომ იქცეოდნენ არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად. ახსნა კი იყო შემდეგი: “ასეა საჭირო ნატოში შესასვლელად”. ჩვენი მმართველების ზურგს უკან ნატოს რომ არ ეციმციმა, განა ქართველი ხალხი დაანებებდა მათ ომის დაწყებას აფხაზეთსა და ცხინვალში, რუსეთთან თვითმკვლელობის ტოლფას კონფრონტაციაზე წასვლას ან ავღანეთში უცხო ინტერესებისთვის სასაკლაოზე საკუთარი შვილების გაგზავნას? განა დაანებებდა ვინმე ხელისუფლებას ახალგაზრდობის გარყვნას, ეკლესიის დამცირებას, უცხოელებზე მიწის გაყიდვას? განა ქართველი ხალხი შეეგუებოდა იმას, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი, აგერ უკვე 20 წელია, არის აშშ-ის ელჩი? ამ ყველაფერს სჭირდებოდა გამართლება და ისიც მოიძებნა ნატოსა და ევროკავშირის სახით. ქვეყნის მმართველებმა კარგად იცოდნენ, რომ ატყუებენ ხალხს, მაგრამ, როგორც მარიონეტებს, საზოგადოებისთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეეძლოთ, მათთვის ნებადართული იყო მხოლოდ იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც კარნახობდნენ და რომლისთვისაც ისინი ხელისუფლებაში დასვეს (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” #20 (207), 2013 წ).

*ევროპა, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე (მიგრაციული კრიზისი, ფინანსური თუ ეკონომიკური პრობლემები) დგას, შიშით შეჰყურებს მოვლენების განვითარებას აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ტრამპის მოსვლის შემდეგ, რადგან ამერიკაში დაწყებული ცვლილებების სიო აუცილებლად დაუბერავს ბებერ კონტინენტზეც, გამოიწვევს ნაციონალისტური განწყობილების კიდევ უფრო ზრდას და ნეოლიბერალი პოლიტიკოსების კარიერის დასასრულს.

ევროკავშირში საქართველოს შესვლის ოცნების უტოპიურობაზე, რაც ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმაც დაადასტურა (არა მხოლოდ მან), ალექანდრე ჭაჭია 4 წლის წინათ ლაპარაკობდა “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:

“ჯერ ერთი, ევროკავშირმა დაასრულა გაფართოების პროცესი და ახალ წევრებს აღარ მიიღებს; მეორე _ წამყვანი ევროპული ქვეყნები არ მიიჩნევენ საქართველოს ევროპის ნაწილად; მესამე _ ევროკავშირი რომც ფართოვდებოდეს, მასში სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს გაწევრიანება მხოლოდ თურქეთის გაწევრიანების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თურქეთი, მოგეხსენებათ, უკვე წლებია, დაჟინებით ითხოვს ევროკავშირში მიღებას და, რამდენიც უნდა მოითხოვოს, მას იქ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ; და მეოთხე _ ევროკავშირი თავად არის დაშლის ზღვარზე და უახლოესი 5 - 7 წლის განმავლობაში ჩვენ მისი დაშლის უშუალო მოწმეები გავხდებით”.

აი მისი კიდევ ერთი შეფასება:

“მულტიკულტურიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობით მიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და მიეჩვივნენ “უმცირესობათა უფლებების” დაცვას, დაუცველები აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეში ზეწოლის წინაშე, რომლებიც დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას საკუთარ ნორმებსა და ქცევის წესებს. ორ მილიონ მუსლიმანს შეშინებული ჰყავს მრავალმილიონიანი ინგლისი. საქმე აბსურდამდე მივიდა: ინგლისელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეკომენდებულია, არ იარონ ლონდონის ქუჩებში სამხედრო ფორმით, რათა არ მოახდინონ ძალადობის პროვოცირება მუსლიმანი ექსტრემისტების მხრიდან! წყნარ შვედეთში ყოველ ღამე იწვის ავტომანქანები, ორი წლის წინათ იგივე ხდებოდა პარიზში. ევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები. ეს პროცესი ძალიან მძიმე და, ალბათ, სისხლიანი იქნება, ფაშისტური უკიდურესობებითურთ, როგორც ეს ევროპას ისტორიულად სჩვევია, მაგრამ ის გარდაუვალია. ევროპის ერებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რომელიც საკმარისია აღზევებისთვის. საქართველოს კი ასეთი პოტენციალი არ აქვს. თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ “ღირებულებებს”, დავიღუპებით” (“საქართველო და მსოფლიო” #10 (206), 2013 წელი).

*უპრეცედენტოდ დაძაბულ საარჩევნო რბოლაში დონალდ ტრამპის გამარჯვება განაპირობა ე. წ. საშუალო კლასის მხარდაჭერამ თეთრკანიანი ამერიკელებისა, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალური ქრისტიანების უფლებების შელახვა, დაცინვა და ე. წ. ელგბტ-პირების უფლებების გაფართოება, თანამშრომელი შავკანიანისა და ჰომოსექსუალის სამსახურიდან გაგდების შემთხვევაში რასიზმსა და ჰომოფობიაში დადანაშაულება და ა.შ. ჰილარი კლინტონის წარუმატებლობის მიზეზი კი აგრესიული ლიბერალიზმის ქადაგება იყო, რომლის სიმბოლოც თვითონ არის. ტრამპის არჩევამ დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ამერიკელი ამომრჩევლისთვის.

ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე თეთრი სახლის ვებგვერდიდან გაქრა ყველა მასალა ლგბტ-თა უფლებების შესახებ. ყველასთვის ცნობილია, რომ პრესვიტერიანელი დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამასგან განსხვავებით, რომლის ადმინისტრაცია მსოფლიოს ემუქრებოდა ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით, ჰომოსექსუალიზმის სასტიკი წინააღმდეგია.

აი როგორ შეაფასა ალექსანდრე ჭაჭიამ ჰომოსექსუალიზმის საშინელი საფრთხე, რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება:

“ერები, რომლებიც ამ “დასავლური ღირებულებების” კულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან. ამერიკასა და ევროპაში უკვე აღარ არის საყოველთაოდ აღიარებული ინსტიტუტები, რომელთაც ძალუძთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ დეგრადაციას. პროტესტანტიზმის თითქმის ყველა შტო მხარს უჭერს ამ “თავისუფლებებს” და ისინი სინამდვილეში გადაიქცნენ ფსევდორელიგიურ სექტებად. ისინი ჯვარს სწერენ ჰომოსექსუალებს, ანუ მათ ქორწინებას ღვთის სახელით აკურთხებენ! მათვე დაიწყეს ბიბლიის რედაქტირება _ იმ ადგილების ამოღება, რომლებიც ჰომოსექსუალების იდეოლოგიისთვის მიუღებელია. აშპროპაგანდაში უკვე შეიქმნა ასეთი ბიბლია. კათოლიკურმა ეკლესიამაც ვერ შეძლო სახელმწიფო პროპაგანდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობისთვის წინააღმდეგობა გაეწია და იმის შიშით, რომ არ დაეკარგა მრევლი, ასევე მიდის გარკვეულ დათმობებზე. ევროპელი ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილებების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. ნორმალური ხალხი ხვდება, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნება” (“საქართველო და მსოფლიო” # 21 (208), 2013 წ.).

*ტრამპის გამარჯვებამ დაამწუხრა საქართველოში მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი არ აპირებს “ფერადი” რევოლუციების დაფინანსებას, შესაბამისად, ამ “ფერადი” რევოლუციების ძირითად საყრდენს, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ გრანტიჭამია არასამთავრობოებს, დიდი ალბათობით, დაფინანსება შეუწყდება:

“პატარა, ღარიბ ქვეყანაში ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა წარმომადგენლებიც არ ჩამოდიან ტელეეკრანებიდან და გამუდმებით გვასწავლიან სწორად ცხოვრებას. ისინი მოვლილი და მაძღრები ჩანან, ქირაობენ ოფისებს, მოძრაობენ მანქანებით. რა ფულით არსებობენ და შესაბამისად, როგორ “ფასეულობებს” უწევენ პროპაგანდას და როგორი “სწორი” ცხოვრების დანერგვა უნდათ მათ საქართველოში?... რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან. სასაცილო და ამაზრზენი სანახავია, როგორ ჩამოდის თბილისში თაღლითების ჯგუფი ევროპარლამენტიდან და გვასწავლის მათი კანონებით ცხოვრებას. მცოდნე ხალხმა იცის, რომ ევროპარლამენტის ნახევარი მაინც დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოებში პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ წარმოაჩინეს”, _ ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია 4 წლის წინათ (“საქართველო და მსოფლიო” # 21 (208), 2013 წ.).

*ცვლილებები, რომლებიც დაიწყება სრულიად მსოფლიოში, გამოწვეულია გლობალიზაციის კრახით, აგრეთვე, რუსეთის და რიგი სხვა სუვერენული ქვეყნების გავლენის გაძლიერებით. სწორედ ამიტომ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი, რაც გააკეთა საგარეო ურთიერთობების სფეროში, იყო ის, რომ 80 ქვეყანაში ბარაკ ობამას მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩები დაითხოვა და, როგორც ჩანს, წასვლა მოუწევს აშშ-ის ელჩს საქართველოში _ იან კელისაც, რომელსაც თვალებში შესციცინებდა საქართველოს წინა ხელისუფლება და მის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

აი რას ამბობდა მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ძვრებისა და გლობალიზაციის პროექტის კრახის შედეგად შექმნილ ახალ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და როლზე, მის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ალექსანდრე ჭაჭია 2000 წელს გაზეთ “შანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში:

“გლობალიზაციის ახლანდელი პროექტის ჭეშმარიტ მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს ყველა რეგიონის ინტელექტუალურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება, იმისათვის, რომ მსოფლიო რესურსების გადანაწილების ჩამოყალიბებული პროპორციები არ შეიცვალოს. მიზეზი მარტივია და გასაგები: იმისათვის, რომ განვითარებული ქვეყნების ჯგუფმა, ე.წ. ოქროს მილიარდმა ისევ მდიდრულად იცხოვროს, დანარჩენი მსოფლიო სიღატაკეში უნდა იმყოფებოდეს... მიმაჩნია, რომ გლობალიზაციის ამჟამინდელი პროექტი არა მხოლოდ გლობალური კონფრონტაციის გამომწვევია, არამედ შეუსრულებადიცაა. ის აუცილებლად კრახით დამთავრდება, ისევე, როგორც დამთავრდა კრახით გლობალიზაციის წინა პროექტები _ ადრინდელი ბოლშევიკური, მისი “მსოფლიო მთავრობით”, და ფაშისტური, მისი გერმანული ჰეგემონიით მსოფლიოში...

საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ორი აქსიომა უნდა გავითვალისწინოთ: პირველი _ მტკიცებები “თანასწორუფლებიან ურთიერთობებზე” საქართველოსა და ამერიკას, საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის სისულელეა, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ. შეუძლებელია, თანასწორუფლებიანი იყოს ურთიერთობები დიდს, ძლიერსა და პატარა, სუსტს შორის. ისევე, როგორც წინა საუკუნეების განმავლობაში, ძალა დღესაც რჩება მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად და მთავარ არგუმენტად. ძლიერი ყოველთვის მართალია, ხოლო უფრო ძლიერი _ უფრო მართალი. საქართველო ვერ გაუძლებს კონფრონტაციას ვერც რუსეთთან, ვერც თურქეთთან, მაგრამ საქართველოს შეუძლია თავისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, თუ საგარეო პოლიტიკაში გაითვალისწინებს, რომ რუსეთი და თურქეთი, მის უკან მდგომ ნატოსთან ერთად, ცდილობენ, არ დაუშვან ერთმანეთის გაძლიერება კავკასიის რეგიონზე ერთპიროვნული კონტროლის ხარჯზე, მათ შორის საქართველოს ხარჯზეც. ორივე მხარის ეს ინტერესი უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. მეორე აქსიომა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ გეოპოლიტიკურ პროექტებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მაშინაც კი, როდესაც დიდ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაც არის მიღწეული (აფხაზეთის საკითხში დასავლეთსა და რუსეთს შორის კონსენსუსმა მშობლიური მიწა დაგვაკარგინა; მათ შორის არსებული შეთანხმება თურქ-მესხების საქართველოში შემოსახლებასთან დაკავშირებით, მოგვიტანს ახალ ომს და ისევ ტერიტორიის დაკარგვას; ორივე ამ პროექტში საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა)... ქვეყნის ახლანდელ პოლიტიკურ ელიტას (ზოგს _ ნებსით, ზოგს _ უნებლიეთ) საქართველო მიჰყავს საყოველთაო კატასტროფისკენ, რომლის შედეგად ქართველი ერი, როგორც კომპაქტურად მცხოვრები კულტურულ-ისტორიული ერთობა, შეწყვეტს თავის არსებობას (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვისა და მასობრივი ემიგრაციის შედეგად ნაწილობრივ ეს უკვე მოხდა)”, _ აი ამას ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 16 წლის წინათ, ამას იმეორებდა ის შემდეგი წლების განმავლობაში მიცემულ უამრავ ინტერვიუშიც, მაგრამ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ამერიკელების შიშით ყური არ შეუბერტყავს _ ყველა ხელისუფლება მხოლოდ აშშ-ის ინტერესების გატარებაზე ფიქრობდა და დღესაც ასეა _ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არც კი იმჩნევს, რომ დგება პოლიტიკური ცვლილებების პერიოდი და, თუ დროზე არ გადავდგით სწორი ნაბიჯები და არ გავაუმჯობესეთ რუსეთთან ურთიერთობა, ვერასოდეს მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

ახლა, მთავარია, არ დავკარგოთ შანსი, არ წავუყრუოთ ჩვენს გარშემო მიმდინარე გლობალურ მოვლენებს, რომელთა მნიშვნელობაზეც ალექსანდრე ჭაჭია ღიად მიანიშნებდა ხელისუფალთ:

“დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური, ცივილიზაციური, რელიგიურ-ეთნიკური პროცესები, რომლებიც, ალბათ, მსოფლიოს ახალი გადანაწილებით, გლობალური ძალების ახალი კონფიგურაციით დასრულდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აიძულებს უარი თქვას ეროვნული სახელმწიფოების განადგურებასა და საკვანძო ადგილებში კონფლიქტების გაჩაღებაზე. ასეთ შემთხვევაში მისთვის საქართველო საჭირო აღარ იქნება და არ არის გამორიცხული, რაღაც პერიოდში საკუთარი თავი “ჩვენადვე გვეყუდნოდეს”. (“ასავალ-დასავალი”. ივნისი. 2016 წ.)

როგორც ვხედავთ, მსოფლიოში დიდი ცვლილებების ეპოქა დაიწყო. ისინი, ვისაც ამის აღიარება არ სურს, ებრძვის ცვლილებებს და, მოგვარების ნაცვლად, კვლავაც ცდილობს პრობლემების მიჩქმალვას, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებიან...

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ თავი დაანებოს ფუჭ ლაპარაკს ნატო-ევროკავშირში შესვლაზე და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რომლის პირველმა პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა პუტინმაც, არაერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსთან დიალოგის გამართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაში არავინ ჩანს ისეთი კვალიფიკაციისა და სულისკვეთების, ვინც ჯეროვნად, უმაღლეს დონეზე წარმართავს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებსაც კავშირებიც აქვთ და უნარიც შესწევთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით აწარმოონ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“
2017 წლის 24 იანვარი