საზოგადოება
ქართულმა ნავთობკომპანიებმა საწვავზე ფასები არა – შედეგად, არამედ იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზის გადასახადი მოიმატებდა! - აფბა

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, კომპანიებმა ბოროტად ისარგებლეს აქციზის გადასახადის ზრდით და საწვავზე ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზის გადასახადი მოიმატებდა.

  „დღეს ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.19 ლარს აღწევს, ამის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კი აქციზის გადასახადის გაზრდა სახელდება. მაგრამ ნათლად ჩანს, რომ კომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდრე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

  2017 წლის პირველი იანვრიდან აქციზის ღირებულება ერთ ლიტრ საწვავში გაიზარდა 15 % -ით, 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე კი საწვავის ფასი ქვეყანაში გაიზარდა 18.26% -ით. ამას ემატება ბოლო ერთ თვეში თითქმის 10 %-მდე შემცირებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე და ბოლო 2 კვირაში თითქმის 8%-ით გამყარებული ლარი“, - აცხადებს ბაირახტარი.