საზოგადოება
სამი შეკითხვა ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს - საქინფორმი

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი.

  ბატონო მინისტრო!

  ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მინისტრის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის პირველი დღიდან დღემდე გამუდმებით გიწევთ სრულფასოვან საინფორმაციო მხარდაჭერას - აშუქებს და მთლიანობაში დადებითად აფასებს თქვენს საქმიანობას ამ უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტზე. აქვე მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო თქვენს მოადგილეს - ბატონ ზაზა სოფრომაძეს შესანიშნავი გამართული მუშაობისთვის, რასაც ის მთლიანად უძღვნის საკუთარ თავს და რითაც თანამოქალაქეებს შორის მაღალი ავტორიტეტი დაიმსახურა.

  ბატონო მინისტრო!

  კარგია, რომ თქვენამდე ბოლოს და ბოლოს მოაღწია ინფორმაციამ ავადმყოფებისთვის შექმნილ ცუდ პირობებზე ბევრ კლინიკაში, რომელთა ხელმძღვანელები და მფლობელები სახელმწიფოსაგან  საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მიღებულ თანხებს ხარჯავენ არა ავადმყოფების უკეთ მოვლაზე, არამედ საკუთარი კეთილდღების გასაუმჯობესებლად.

  სწორედ ამიტომ დღეს საქინფორმი თქვენს ყურადღებას მიაპყრობს რამდენიმე საყოველთაო ელემენტარულ ნაკლს, რომლებიც ჩრდილს აყენებს თქვენ მიერ ჩატარებულ რეფორმებს და მთელ ჯანდაცვის სისტემას. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას თქვენთვის ამ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ აქვს, მდიდრებისთვის კი, რომლებიც ელიტურ კლინიკებში მკურნალობენ, ეს შეკითხვები, უბრალოდ, არ არსებობს.

 ბატონო მინისტრო!

1. იცით თუ არა, რომ “სასწრაფო დახმარებას” ავადმყოფის ჰოსპიტალიზება არ შეუძლია, თუ მას ოჯახში ორი კუნთმაგარი მამაკაცი არ ჰყავს საკაცის წასაღებად? “სასწრაფო დახმარების” ექიმები ამას არ აკეთებენ, მძღოლებიც უარს ამბობენ, რადგან მანქანის მიტოვება აკრძალული აქვთ. თუმცა, “სასწრაფოს” მძღოლი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ რომც დათანხმდეს, საკაცის წაღებას ორი ან, სულაც, სამი კაცი სჭირდება - ავადმყოფის წონის მიხედვით.

2. იცით თუ არა, რომ “სასწრაფო დახმარებას” მწოლიარე ავადმყოფი საავადმყოფოდან სახლში არ მიჰყავს? და შინ დასაბრუნებლად ის იძულებულია, ტელეფონით შეუთანხმდეს რომელიმე კერძო “სასწრაფოს” ან სხვადასხვა ექსტრემალურ სამსახურებს? ეს სერვისი ავადმყოფს 60-70 ლარი უჯდება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი საკაცეს მანქანიდან ბინამდე არავინ აიტანს, რადგან პაციენტს მხოლოდ ერთი ექიმი ახლავს.

რა ქნას ავადმყოფმა, თუ ოჯახში ორი კუნთმაგარი მამაკაცი არ ჰყავს და იმ მომენტისთვის ჯიბეში 70 ლარი არ უდევს? - ამ შეკითხვაზე პასუხი ვერც “ცხელი ხაზისგან” მივიღეთ, ვერც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისგან, რომლებიც საქინფორმის გაგონებაზე, უბრალოდ, ყურმილს კიდებენ...

3. იცით თუ არა, რომ ბევრ საავადმყოფოში საბჭოთა კავშირის დროიდან არაფერი შეცვლილა, კერძოდ:

- ავადმყოფს წყლისთვის ჭიქასაც კი არ აძლევენ - ჭურჭელი, ჰიგიენის საშუალებები, საკვები, წყალი, წამლები, დამატებითი საბნები და გამათბობელი, თუ პალატაში ცივა, მან თან უნდა მიიტანოს?

- საავადმყოფოში პაციენტს მედპერსონალი კი არა, ახლობლები უვლიან, რომელთაგან ერთ-ერთს ამისათვის ზოგჯერ საშვს უწერენ (უფასოს ან 30 ლარად ღირებულს), მაგრამ არც ბახილებს, არც ხალათს, არც ნიღაბს არ აძლევენ?

- მორიგე სანიტარს - მედდას ყველა ცვლაში მუდმივად უნდა გადაუხადოთ, თუკი ავადმყოფი “იხვს” ან სუდნოს მოითხოვს?

რა ქნას ავადმყოფმა, თუ ის მარტოხელა, გაჭირვებული, უმუშევარი ან პენსიონერია?

(ბატონო მინისტრო! ისეთი შეკითხვები, როგორიცაა სართის გადახდა დამატებითი გამოკვლევებისთვის ან უფრო ხარისხიანი მასალისთვის ოპერაციის დროს, გარდა აუცილებელი დამატებითი ხარჯებისა პროცენტებისთვის, რომლებსაც საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა არ ფარავს, ცალკე საუბრის თემაა...)

საქინფორმის რედაქცია