პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის კონსტიტუცია

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა.

  „საქართველოში პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი ფართო ჩართულობით ხდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. მასში ჩართული არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. მოგეხსენებათ, რომ ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან, თავად პროცესთან დაკავშირებით. განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხშირად ვგებულობდით მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება მიღებული ფართო ჩართულობით, იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.