საზოგადოება
NDI –ის გამოკითხვა: 66% თავს უმუშევრად თვლის, 82% კი მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩატარებულ კვლევას ასაჯაროებს.

 „წინა კვლევის მსგავსად, გამოიხატა, რომ მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს.  მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმება, მზარდი ფასები და სიღარიბე. 66% თავს უმუშევრად თვლის. მხოლოდ მესამედი თვლის, რომ 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 82% ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ მათ ოჯახებში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა.

 გამოკითხულთა დიდი ნაწილი პარლამენტში მეტი ქალის აუცილებლობაზეც საუბრობს“, - განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

 NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა 3 141 პირი. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარია ±1,8%.