საზოგადოება
არჩილ მესტვირიშვილი: გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. გალარების პროგრამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი საუბრობს.

 „გალარება დაიწყება 2017 წლის 17 იანვარს და გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში. ამ პერიოდში მსესხებლებს შეუძლიათ მიმართონ მათ მომსახურე ან სხვა კომერციულ ბანკს. სესხი გაცემული უნდა იყოს ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1 იანვრამდე, უნდა იყოს აშშ დოლარით და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი.

 მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. სულ დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხება პროგრამა, საშუალო სესხის მოცულობა 15,000 აშშ დოლარია.

 გალარების პროგრამის მთავარი მიზანია, სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა შეუძლია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ ეს შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.