საზოგადოება
ეროვნული ბანკი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმას იწყებენ

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს 2016 წელს.

 პროექტის დასრულებისთანავე საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. რეფორმის ფარგლებში საფონდო ბირჟა შეისყიდის ახალ სავაჭრო პლატფორმას კომპანია “მონტრანისგან”, რომელმაც ადრე უზრუნველყო საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა.

 “ეს პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტორის ჩართვას. ეს რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ნაწილია“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.