პოლიტიკა
„მე არ შევთავაზებ რუსეთს ჰილარივით პლასტიკატის პატარა ნაჭერზე ხელის დაჭერას – „გადატვირთვის“ ღილაკი არ არსებობს!“ – ტრამპი

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. შეერთებული შტატების დაზვერვის უწყება რუსეთში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატების შესახებ მედიაში გავრცელებასთან კავშირს უარყოფს.

 განცხადება ჯეიმს კლეპერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებლობა სპეცსამსახურებს დააკისრა.

 დაზვერვის სამსახურის გარდა, ტრამპის პირველ პრესკონფერენციაზე კრიტიკის ობიექტი მედიაც გახდა.

 დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია მედიისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, თუმცა რამდენიმე წუთში კრიტიკაზე გადავიდა. არჩეულმა პრეზიდენტმა CNN-ის  ჟურნალისტს კომპრომატების შესახებ კითხვის დასმის უფლება არ მისცა და ტელეარხს დეზინფორმატორი უწოდა.

 შეგახსენებთ, CNN-ის ცნობით, 6 იანვარს, ნიუ იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ტრამპს ინფორმაცია მაიწოდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპრომატებს შორის არის სექსუალური ხასიათის ჩანაწერები. 

 მედიასთან შეხვედრისას მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა და კიბერთავდასხმები იყო. ტრამპმა საიდუმლო მასალების მედიაში გავრცელებას სამარცხვინო ფაქტი უწოდა, თუმცა აღიარა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ ორგანიზებული იყო.

 ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი რუსეთი პასუხისმგებლობას აიღებს კიბერშეტევებზე, რას ეტყოდა პუტინს, ტრამპმა განაცხადა:

 „ის ამას არ უნდა აკეთებდეს და ამას არ გააკეთებს. როდესაც ქვეყნის სათავეში მოვალ, რუსეთს ამერიკის მიმართ იმაზე მეტი პატივისცემა ექნება, ვიდრე ეს სხვა მმართველების დროს იყო. ნახავთ, რუსეთი ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო დიდ პატივს სცემს, როდესაც მას მე ვუხელმძღვანელებ. დარწმუნებული ვარ... ვიმედოვნებ... შესაძლოა, ეს არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება მოხდეს“ - განაცხდა ტრამპმა.