პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება: ქართული მხარე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით, გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.

  ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.

  ქართული მხარე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა. სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას,UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს, ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.