პოლიტიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. კომპანია ამ თემაზე მოლაპარაკებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს.

  საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

  აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში.

  კომპანიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია.

  პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ პოტენციალზე და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, კერძო სექტორთან ერთად.