სამართალი
ქართველი მამაკაცი ამას არ მოითმენს! – პრემიერ კვირიკაშვილს ვარდების მოედნის ქვეშ განთავსებულ ღამის კლუბებთან დაკავშირებით თავისი განცხადების განმარტებამ მოუწია

   საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღამის კლუბებთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

  „ღამის კლუბებში, რომლებიც, ძირითადად, კონცენტრირებულია „რესპუბლიკის მოედნის“ ქვეშ, არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან. არა, მეგობრებო! ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ეს ასე გაიგო. ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ამ კლუბებში ადგილი აქვს პროსტიტუციას, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე, ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებების საკითხებში ჩემს თანაშემწეს სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან, შესაძლოა, ირღვეოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს", - აღნიშნა პრემიერმა.