სამართალი
“რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებული რატი გაჩეჩილაძე გირაოთი გაათავისუფლეს

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც რატი გაჩეჩილაძეს  ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. შედეგად, იგი 5 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, დაკავებული ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება გვარამიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს (რომლებმაც თითქოსდა ცინიკურად მოიხსენიეს თავის სუფრასთან რატის მამისა და ბიძის სახელები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თავი ვერ შეიკავა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მიუახლოვდა „რუსთავი 2“–ის გენდირექტორს და ერთი–ორჯერ თავში ჩასცხო).

 რატი გაჩეჩილაძის მეგობრები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაჰკითხეს. ისინი ამ დრომდე მოწმის სტატუსით სარგებლობენ.

 გიორგი ფანცულაიას ადვოკატის ნიკოლოზ ბიბილაშვილის განცხადებით, ფანცულაია ინციდენტის დროს რატი გაჩეჩილაძესთან ერთად იმყოფებოდა დაინინგ რუმში (სადაც მასთან ერთად ჭაჭას სვამდა – რედ.), თუმცა ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმაში არ მონაწილეობდა.

 ცნობისათვის: რესტორან „დაინინგ რუმში“ „რუსთავი 2“–ის გენდირექტორი ნიკა გვარამია მამამისის დაკრძალვის შემდეგ მივიდა თავის მეგობრებთან, მათ შორის, თბილისში ცნობილ პიროვნებებთან: დირიჟორ მემანიშვილი–რაჭველთან, თეატრალურ რეჟისორ დოიაშვილთან და ე. წ. მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძესთან ერთად.

 ამ ინციდენტამდე რატი გაჩეჩილაძე და ნიკა გვარამია ერთმანეთს არცკი იცნობდნენ, თუმცა, როგორც რატის მამამ – ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მისი ძმისა და მისი მისამართით ბინძურ გამოხდომებს აწყობდა, ამიტომაც მისმა ვაჟმა, რომელსაც ბოღმა დაუგროვდა, თავის შეკავება ვერ შეძლო და გააკეთა ის, რაც გააკეთა.