პოლიტიკა
ლევან იზორია: ამერიკელი სენატორების ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და ამერიკის ხანგრძლივ მეგობრობასა და პარტნიორობას

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატორების დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია.

 აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს ჯონ მაკკეინს, სენატორებს ემი კლობუჩარს და ლინდსი გრემს „კრწანისში“ მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.

 „2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელზე მეტი გავიდა, თუმცა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება და ჩვენი ქვეყანა ისევ დგას რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე. დღეს, როდესაც საქართველო კვლავ დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, თქვენ რჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების ერთგული. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამაგალითო პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართველ ხალხს თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. ყოველთვის მზად ვარ, ვითანამშრომლო ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით კრწანისში არსებულ ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის ხელშეწყობით საქართველო წარმატებით განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.