საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, ყველა ჟურნალისტს ვთხოვო, მეტი ნუგეშს მივცეთ ადამიანებს

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანი დილით რომ გაიღვიძებს, საუზმის დროს არ უყუროს, ეთერში წინა საღამოს როგორ იგინებოდნენ და ჭამდნენ პოლიტიკოსები ერთმანეთს.

 „რაღაცნაირად იქნებ ეს კულტურა შევცვალოთ. ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა და ბევრი ვიფიქრე ამაზე, რომ ოპტიმიზმი არის მატერიალური რამ და არა რაღაც აბსტრაქტული. ადამიანის ნუგეშისცემა არის ძალიან დიდი მადლი, ვფიქრობ, რომ ადამიანებს ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივანიჭებთ, ძალიან კარგი იქნება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 „ხელისუფლება არ ერევა დღეს მედიის საქმიანობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა უდიდესი ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით, გაიზარდა სიხშირის რესურსი და დღეს კანონმდებლობის მეშვეობით 10 დღეა მაქსიმუმ საჭირო, რომ ახალი ტელევიზია გაიხსნას და დაიწყოს მაუწყებლობა. ლიცენზიაც აღარ არის საჭირო, არის საჭირო ავტორიზაციის პროცესი. ნებისმიერ ადამიანს და ბიზნეს ჯგუფს შეუძლია, გახსნას საკუთარი ტელევიზია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.