პოლიტიკა
თბილისში ვიზიტით მყოფი ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეჰემი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.

 „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ”, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

 “ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია - მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში - ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის”, - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.