უცხოეთი
სტატს–მდივნის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინის პასუხები საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня»–ს კითხვებზე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების შესახებ (29.12.2016)

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი.

 კითხვა: პარლამენტში ამასწინანდელი გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მ. ჯანელიძე რუსეთთან ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს შეეხო. კერძოდ, განაცხადა, რომ საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსებისათვის და რუსეთს არაფერი უშლის ხელს, ასეთივე გადაწყვეტილება ცალმხრივი წესით მიიღოს. თუ შეიძლება, კომენტარი გააკეთეთ.

 პასუხი: შეგახსენებთ, რომ საქართველომ ვიზები გააუქმა არა მარტო რუსებისთვის, არამედ  მსოფლიოს კიდევ 100–მდე ქვეყნისთვის, ამასთან, უმეტესწილად – ცალმხრივი წესით. ასეთია ჩვეულებრივ, იმ სახელმწიფოთა პრაქტიკა, რომლებიც უცხოელი ტურისტების მოზიდვას ცდილობენ. თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ასე სწრაფად იზრდება ტერორისტული თუ სხვა სახის საფრთხეები, „ტურისტულ ქვეყნებს“, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ სავიზო საკითხებში „ავტომატური“ ნაცვალგების იმედი ჰქონდეთ.

 მაგალითად, ევროკავშირის მცხოვრებლებმა ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს საშუალება, საქართველოში არა მარტო უვიზოდ, არამედ საზღვარგარეთული პასპორტების გარეშე ემგზავრათ, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.

 თუმცა, ბრიუსელი მხოლოდ 2012 წელს დათანხმდა ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. შემუშავებული იქნა მოქმედების დეტალური გეგმა, რომელიც სხვა საკითხებს შორის, ითვალისწინებდა ნაციონალური კანონმდებლობის კორექტირებასაც, რომლის შესრულების შესახებ საქართველო რეგულარულ ანგარიშებს წარადგენდა. ბრიუსელი რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად და გულდასმით მუშაობდა თბილისთან კანონმდებლობის, საგარეო პოლიტიკური უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა პროფილური ორგანოების ხაზით. და მხოლოდ ახლა ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება.

დამეთანხმებით, ამგვარი მასშტაბური მუშაობის გაწევა რუსეთსა და საქართველოს შორის არარეალურია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. მათი აღდგენისთვის კი თბილისი, როგორც ცნობილია, ჯერჯერობით მზად არ არის.

რაც შეეხება რუსეთის მხარეს, პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა სრულებით მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება ნაცვალგების საფუძველზე გამორცხული არ არის. დღესაც, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუზღუდავად შეუძლია ეწვიოს ჩვენს ქვეყანას რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის, ორგანიზაციისა ან მუდმივად მცხოვრები უცხოელის მოწვევით . ამჟამად ვმუშაობთ ვიზების გამარტივებაზე თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის რეისებს ასრულებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები 2017 წელს უფრო მეტად განმტკიცდება.